თურქეთი, შესაძლოა, განგებ აკავებს ამერიკელ ქრისტიან მისიონერს

თურქეთის ხელისუფლებას, შესაძლოა, უსაფუძვლოდ ჰყავდეს დაპატიმრებული ამერიკელი მისიონერი ხუცესი ენდრიუ ბრანსონი აშშ-ზე პოლიტიკური შურსძიების მიზნით, რადგანაც აშშ თავშესაფარს აძლევს ქვეყნიდან წასულ თურქ სასულიერო პირს, ფეტულა გულენს.

ბრანსონი, რომელიც 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში და ქალაქ იზმირის ქრისტიანულ ეკლესიას უძღვებოდა, 2016 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დაკავებულია. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას, შესაძლოა, ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდეს კავშირი.

ამერიკის კანონისა და სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს ბრანსონის გათავისუფლებას და ამტკიცებს, რომ ასეთ კავშირთა არსებობა არ დასტურდება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს, ბრანსონის საქმესთან დაკავშირებით, შეკითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა. ამის შესახებ წერს ტოდ ნეტლტონი, აშშ-ს წამებულთა ხმის წარმომადგენელი.

„საინტერესოა, რომ უცბად პრემიერ-მინისტრმა ფეტულა გულენის საქმეზე დაიწყო ლაპარაკი. გულენი თურქი სასულიერო პირია, რომელიც ამჟამად აშშ-ში, გადასახლებაში ცხოვრობს. თურქეთმა მისი დეპორტაცია მოითხოვა, თუმცა აშშ-ს მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა. ამრიგად, ბრანსონზე საუბრისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გულენს შეეხო და თან დასძინა, რომ რასაკვირველია, ამ ორ საქმეს ერთმანეთს არ უკავშირებს.“

თურქეთმა გულენი ტერორისტთა რიცხვს მიაკუთვნა, ხოლო აშშ უარს ამბობს თურქეთისათვის მის გადაცემაზე და უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში პენსილვანიაში ცხოვრების ნებას აძლევს.

ბრანსონის მეუღლემ და ქალიშვილმა პრეზიდენტ ტრამპს სთხოვეს მოახდინოს ზეწოლა თურქეთის ხელისუფლებაზე, რათა მან გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული მისიონერი.

წყარო: http://www.christianpost.com

ჩატვირთვა...