თავდასხმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე

0 104

11 დეკემბერს, სტრასბურგის დროით საღამოს 7 საათსა და 50 წუთზე, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი, მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელს წინააღმდეგობა სამხედროებმა გაუწიეს, ისინი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ქუჩაში პატრულირებდნენ. ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ ეჭვმიტანილის დასაკავებლად. გამოყოფილია დამატებითი პერსონალი და ტექნიკა.  29 წლის თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციამ იცის, ამ დრომდე ეძებენ.  ამის შესახებ BBC წერს. ის საფრანგეთშია დაბადებული და კანონდარღვევის გამო სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა.

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მომხდარის გამო ქალაქში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომებიც. საზღვარზე გამკაცრდა კონტროლი. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს,” – თქვა მან.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ ტეორისტებს მიზანი შიშის დანერგვაა, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.

„ევროპარლამენტი გმობს ტერორიზმსა და ძალადობას. ტერორისტებს ჩვენი დემოკრატიული წესრიგის შერყევა სურთ, თუმცა თავს არ დავხრით და არ შევშინდებით. ევროპას თავისუფლებას ვერავინ წაართმევს. ტერორისტების მიზანი საშობაო პერიოდში მოქალაქეებს შორის შიშის დანერგვაა, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი პოზიცია გვაქვს.” – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

წყარო

 

ჩატვირთვა...