„ზაფხული ტყეში“- ახალი ქრისტიანული ფილმი კინოეკრანებზე

0 221

ახალი ფილმი „ზაფხული ტყეში“ გვიამბობს რეალური საზოგადოების  შესახებ, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს შეუძლიათ დანარჩენებთან ერთად ჰარმონიაში ცხოვრება და მუშაობა.

დოკუმენტურ ქრისტიანულ ფილმში საუბარია ჟან ვანიეზე, კანადელ ქრისტიანზე, რომელმაც ეს საზოგადოება ჩამოაყალიბა.

ვანიემ დააარსა საზოგადოება „L’Arche“, რომელმაც ფიზიკურ და გონებრივ ნაკლოვანებათა მქონე ადამიანები იმ ადამიანებთან გააერთიანა, რომელთაც ეს ნაკლოვანებები არ აქვთ და სადაც მათ ერთად მუშაობა და ცხოვრება შეუძლიათ.

იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ვანიემ გაიგო იმ ადამიანთა მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მან მოინახულა 1964 წელს პარიზთან ახლოს მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამ ადამიანებს ხშირად „იდიოტებს“ ან „განდეგილებს“ ეძახდნენ და როგორც პატიმრებს, ისე კეტავდნენ; ხშირად კი მათ საერთოდ ივიწყებდნენ.

ამის შემდეგ, ჟან ვანიემ გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი პრივილეგირებული ცხოვრება და საცხოვრებლად ტროსლი-ბროილში, პარიზიდან ჩრდილოეთით, მშვენიერი ტყის პირას მდებარე სოფელში გადასულიყო. მან ასევე თან გაიყოლა ორი გონებრივად ჩამორჩენილი კაცი.

სწორედ მაშინ მან ჩამოაყალიბა „L’Arche“, რაც ფრანგულად კიდობანს ნიშნავს. დღეს L’Arche“ 147 თემს ითვლის 35 ქვეყანაში, რომელშიც დაახლოებით 5000 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი ცხოვრობს.

შესანიშნავი ფილმი „ზაფხული ტყეში“ საზღვარგარეთ, კინოთეატრებში, 23 მარტიდან გამოვიდა, დაუნის სინდრომთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით.

ტემპლტონოვის პრემიის (პრემიის, რომელიც გაიცემა სულიერ ცხოვრებაში გაკეთებული აღმოჩენებისთვის)  89 წლის მფლობელი ისევ ტროსლი-ბრეილში ცხოვრობს, სადაც ფილმის უდიდესი ნაწილი გადაიღეს. ჟან ვანიე ამბობს, რომ „ღვთის სამეფოს“ თითოეულ იმ ადამიანში ხედავს, ვინც „L’Arche“-ში ცხოვრობს.

„უფალ იესო ქრისტეს საიდუმლო დაფარულია სუსტ, უძლურ ადამიანებში“, – ამბობს ვანიე – „ამ ადამიანებმა, რომლებიც სოციალური კიბის ბოლოში არიან, მასწავლეს, თუ რას ნიშნავს, იყო პიროვნება – ისწავლო სიყვარული და ბარიერების გადალახვა.“

ფილმის ოთხი მთავარი გმირია – მიშელი, ადამიანი, რომელსაც აწვალებს მეორე მსოფლიო ომის მოგონებები; ანდრე, რომელსაც ძალიან სურს გოგონასთან პაემანი; დევიდი, რომელიც თავს სუპერგმირს უწოდებს და სურს მსოფლიოს გადარჩენა; პატრიკი, შთაგონებული მხატვარი.

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...