ზაკ უილიამსი – როკ-ვარსკვლავი უარს ამბობს ნარკოტიკებსა და ალოკოჰოლზე

თანამედროვე ქრისტიანული მუსიკის წარმომადგენელი, ზაკ უილიამსი, თავის ახალ ალბომში −„ბორკილების გამწყვეტი“ (“Chain Breaker”)− მოგვითხრობს იმ თავისუფლების შესახებ, რომელიც მან ქრისტეში ჰპოვა. ყოფილმა როკ-ვარსკვლავმა უარი თქვა ნარკოტიკებსა და თავაშვებულ ცხოვრებაზე, რათა გაჰყოლოდა ღმერთს და ახლად აღმოჩენილი იმედი სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

უილიამსი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ სიყმაწვილის ასაკში ზაკმა მშობლების მიერ ჩაგონებულ ფასეულობათა გზას გადაუხვია.

როგორც უილიამსი ამბობს, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა შვილი ღვთის გზაზე დაებრუნებინათ, მაგრამ კოლეჯში ჩაბარების შემდეგ ზაკმა თავისი ნება-სურვილის მიხედვით დაიწყო ცხოვრება.

ახალგაზრდა ათლეტს კალათბურთის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, თუმცა, შემდეგ, ურწმუნო თანატოლების გავლენით, ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„გარშემომყოფი ადამიანები ნამდვილად ახდენენ გავლენას და ძირითადად, სწორედ მათ განსაზღვრეს ის, რითიც იმ დროს ვიყავი დაკავებული. თითქოს გავექეცი უფალს, არადა ვგრძნობდი, რომ ღმერთი ყოველთვის მიხმობდა თავისთან, მაგრამ მე მუდამ გავურბოდი მას“, – თქვა უილიამსმა.

ჯერ კიდევ კოლეჯში ყოფნისას უილიამსმა ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო. ამით იგი ცდილობდა თავის უბედურებას გაქცეოდა.

ოცი წლის ასაკში მან გიტარაზე დაკვრა ისწავლა და სიმღერების წერა დაიწყო შინაგანი სიცარიელის შესავსებად. მუსიკა, რომელსაც იგი წერდა, მის თავაშვებულ ცხოვრებას შეესაბამებოდა.

უილიამსი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, ნამდვილად დამოკიდებული იყო თუ არა ნარკოტიკებზე მაგრამ მან ზუსტად იცოდა ერთი რამ: ყოველთვის ცდილობდა რაღაცით შეევსო შინაგანი სიცარიელე. სანამ ღვთის გზას დაუბრუნდებოდა, მან ხელმეორედ იქორწინა თავის როკ-ბენდთან მოგზაურობის დროს. ამის შემდეგ მან და მისმა მეუღლემ შვილებთან ერთად დაიწყეს სიარული ეკლესიაში.

მომღერალი წერს, რომ ჭეშმარიტად მაშინ მოინანია და უფალს მაშინ დაუბრუნდა, როცა მოროიგი ტურნეს დროს უეცრად გააცნობიერა, რომ ვერ გაუძლებდა იმ ცდუნებებს, რომლებიც ცხოვრების ამგვარ წესს მოჰყვებოდა.

„მახსოვს, ტურნედან შინ დაბრუნების შემდეგ, პირველად ცხოვრებაში, მუხლებზე დავედი და უფალს შევღაღადე: ‘დავიღალე! დავიღალე იმით, რასაც ვაკეთებ, მომბეზრდა ჩემი ცხოვრება, განაახლე იგი.’“

ამ დღიდან უილიამსის რწმენა მუდმივად იზრდება. ახლა იგი ყველაფერს აკეთებს, რომ უფლის მიერ მოცემული ნიჭის მეშვეობით სხვებსაც გაუზიაროს კეთილი უწყების შესახებ!

უილიამსი გახდა ცენტრალური ბაპტისტური ეკლესიის ახალი კამპუსის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც ჯონსბოროში, არკანზასში მდებარეობს.

„ახლა ადამიანებს ვეუბნები იმის შესახებ, რაც ღმერთმა გააკეთა ჩემთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მათ უფალ იესო ქრისტესთან მისვლაში დაეხმარება. ეს არის ჩემი მსახურება უფლის წინაშე. მე თვითონ არაფერი შემიძლია. უბრალოდ, ვცდილობ გამოვიყენო ღვთის მიერ მოცემული ყოველი შესაძლებლობა და ადამიანებს ვაუწყო იმის შესახებ, რაც უფალმა მოიმოქმედა ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს ზაკ უილიამსი.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...