ვაშინგტონში ლოცვითი შეხვედრა გაიმართა

ორგანიზაციამ „ერთი სხეული“ (“One body”) მესამე ყოველწლიური ლოცვის ღამე ჩაატარა დევნილ ქრისტიანთათვის. ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან დევნილმა ქრისტიანებმა დამსწრეებს უამბეს საკუთარი ისტორიები. ღონისძიებას მასპინძლობდა ეკლესია „ქრისტეა ჩვენი მწყემსი“ (Christ Our Shepherd Church).

წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი დამოწმება წარმოთქვა მერიემ იბრაჰიმმა, სუდანელმა ქრისტიანმა ქალბატონმა, რომელიც დაპატიმრებული და სიკვდილმისჯილი გახლდათ სუდანის ციხეში, სადაც იძულებული იყო, პატიმრობაში გაეჩინა შვილი. ინფორმაციას მერიემის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდი აქტიურად აშუქებდა მაშინ. პატიმრობაში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ის გაათავისუფლეს და ახლა მეუღლესა და შვილებთან ერთად ვირჯინიის შტატში ცხოვრობს.

გეთანეჰ გეთანეჰმა,  ეთიოპიელმა მახარებელმა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დააპატიმრეს და აწამეს რამდეჯერმე მას შემდეგ, რაც მდინარეში რამდენიმე ახალმოქცეული მონათლა.

ხუცესმა ფრედი თომასმა, ფილადელფიის ერთ-ერთი ეკლესიის (Philadelphia House of Worship Community Church) უფროსმა ხუცესმა ინდოეთში ეკლესიების დამაარსებელი ინიციატივის ხელმძღვანელმა (Redemption Christian Ministries), თქვა, რომ ინდოეთში ქრისტიანების დევნა უფრო და უფრო ძლიერდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქრისტიანთა რაოდენობა მაინც იზრდება.

„მახსოვს, როდესაც კანდჰამალში ძალიან ძლიერად იდევნებოდნენ ქრისტიანები, დამირეკეს და მითხრეს, რომ მორწმუნეები ადგილობრივი ხუცესის სახლში იყვნენ მისულნი და მხოლოდ ის სამოსიღა გააჩნდათ, რაც ტანთ ემოსათ. ქოხები, მინდვრები და მთელი მოსავალი გადაუწვეს. ვშიშობდი, რომ ისინი უარყოფდნენ იესოს და მის მიმართ რწმენას, მაგრამ ერთ მათგანსაც კი არ დაუტოვებია ქრისტე, ერთი ადამიანიც კი არ დაბრუნებია ინდუიზმს“, – განაცხადა ფრედი თომასმა.

ლოაი მიქაელმა, ქალდეური სირიულ-ასურული სახალხო საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და ნინევიის „საქველმოქმედო ორგანიზაცია სორაიას“ თავმჯდომარის მოადგილემ, ისაუბრა იმ დევნათა შესახებ, რომლებსაც განიცდიან ერაყში მცხოვრები ქრისტიანები. მან განმარტა, რომ ჯიზია (არამუსლიმთათვის დაწესებული გადასახადი) აუცილებლად უნდა გადაუხადონ ქრისტიანებმა ისლამურ სახელმწიფოს. ეს ფულად გადასახადზე მეტს ნიშნავს − ხშირია გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ.

ორგანიზაცია „ერთი სხეულის“ ადამიანთა უფლებების დამცველმა განაცხადა, იმედია, რომ ეს ლოცვის ღამე დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ მოქმედება თავიანთი დევნილი დებისა და ძმების დასახმარებლად.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...