ერაყელი ქრისტიანი გოგონა პატიობს ისლამურ სახელმწიფოს

11 წლის ერაყელი ქრისტიანი გოგონა, მირიამ ბეჰნამი, იძულებული გახდა მშობლებთან ერთად დაეტოვებინა სამშობლო. იგი ბევრი საშინელი ისტორიის მოწმე გახდა, რომელთა ავტორიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ტერორისტული ისლამური სახელმწიფო გახლავთ.

ინტერვიუში, რომელიც სწრაფად გავრცელდა მედია სივრცეში, 11 წლის ლტოლვილმა გოგონამ განაცხადა, რომ მიუხედავად ISIS-ის  მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისა, მათ შორის ათასობით ადამიანის სასტიკი მკვლელობისა და გატაცებისა, მან აპატია ჯიჰადისტებს და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები  სულიწმიდისგან მოდის.

გასულ ზაფხულს, ისლამისტური ექსტრემისტული ჯგუფი თავს დაესხა ქალაქ მოსულსა და მის მიმდებარე სოფლებს, რის შედეგადაც მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა ქურთისტანში გადახვეწილიყო.

Sat 7-ის ჟურნალისტმა ჰკითხა მარიამს: „რას გრძნობ იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა გამოც იძულებული გახდი საკუთარი სახლი დაგეტოვებინა და რომელთა მიზეზითაც ამდენი სირთულე შეგექმნა?“

მან უპასუხა: „მე მხოლოდ იმას ვთხოვ უფალს, რომ აპატიოს მათ“.

 „სიტყვები, რომლებსაც ვამბობ, არ არის შემთხვევით ნათქვამი. ისინი სულიწმინდისგან მოედინება. სულიწმინდამ მომცა ეს სიტყვები თქვენთვის სათქმელად“, – თქვა მან.

გოგონამ თქვა, რომ მისთვის ბიბლია ფასეულია, რადგან ის ანიჭებს მას იმედს.

„…როდესაც ვლოცულობ, ღმერთს ვთხოვ, რომ დაგვეხმაროს უკან, ჩვენ სახლებში დაბრუნებაში, რომ მისი მშვიდობა დამყარდეს ერაყში და აპატიოს ISIS-ის წევრებს“, – აცხადებს ის.

წყარო: http://www1.cbn.com/

თარგმნა: ანნა ხატიძემ

ჩატვირთვა...