ებრაელმა არქეოლოგებმა ყუმრანში მკვდარი ზღვის გრაგნილების გაძარცვული გამოქვაბული აღმოაჩინეს

1956 წლის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც ერთ დროს დამალული იყო მკვდარი ზღვის გრაგნილები – ხელნაწერები, რომლებიც იუდაიზმში არსებული ერთ-ერთი სექტის მიერ იყო დაწერილი ქრ. შობამდე III საუკუნესა და ქრ. შობიდან II საუკუნეებს შორის არსებულ პერიოდში.

გამოქვაბულმა მიიღო ნომერი Q12, სადაც Q აღნიშნავს აღმოჩენის ადგილს, ანუ ყუმრანს (Qumran). გამოქვაბულში ნაპოვნია ერთი სუფთა გრაგნილი და ასევე ხელნაწერთა შესანახად საჭირო ქოთნები. ამ გამოქვაბულში არსებული ყველა ქოთანი გატეხილი აღმოჩნდა, ცოტა მოშორებით კი ორი პატარა წერაქვი ეგდო, რომლებიც 1950 წლით თარიღდება. ცხადია, რომ არქეოლოგებზე ადრე აქ მძარცველები იყვნენ. აღმოჩენის შესახებ იტყობინება იერუსალიმში არსებული ებრაული უნივერსიტეტის პრეს-რელიზი.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა ორენ გუტფელდმა (Oren Gutfeld) ხაზი გაუსვა პრეს-რელიზში იმას, რომ დღემდე მიიჩნევა თითქოს ყუმრანის ხელნაწერები თერთმეტ გამოქვაბულში ინახებოდა. დღეს უკვე მეთორმეტე გამოქვაბულია აღმოჩენილი, რომლის შესახებაც არასოდეს უხსენებიათ არქეოლოგთა ინფორმატორებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც გაძარცვეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ.

ყუმრანის პირველი ხელნაწერები 1947 წელს იქნა აღმოჩენილი ბედუინების მიერ მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე არსებულ გამოქვაბულში. მაშინ ამ ტერიტორიას იორდანია აკონტროლებდა. 1949 წელს იქ პირველად დაიწყო გათხრები. გამოქვაბულში Q1 აღმოჩენილი იქნა შვიდი გრაგნილი, მათ შორის ესაია წინასწარმეტყველის მთლიანი წიგნი, რომელიც დღემდე ყუმრანში აღმოჩენილ ხელნაწერთაგან ყველაზე კარგად შენახული და ყველაზე დიდი გრაგნილია.

შემდეგ არქეოლოგებმა კიდევ ათი გამოქვაბული აღმოაჩინეს. ყველა მათგანში, გარდა გამოქვაბულისა Q10, თითო გრაგნილი მაინც იქნა ნაპოვნი.

ყუმრანის ხელნაწერები ორი ნაწილისგან შედგება. პირველი გახლავთ ბიბლიური ტექსტების სიები, რომლებიც დღეს, დაახლოებით, 230-ია. ყუმრანის ბიბლიური გრაგნილების რიცხვშია ძველი აღთქმის ყველა წიგნი, გარდა ესთერის წიგნისა, ასევე ზოგიერთი მათგანის თარგმანი შესრულებული ბერძნულ და არამეულ ენებზე. ყუმრანის არაბიბლიურ ტექსტებს შორის აღმოჩენილია ისტორიული თხზულებები, კალენდრები, ეგზეგეტიკური ლიტერატურა, ჰიმნები და ასე შემდეგ.

მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის გრაგნილები, რომლებიც შედგენილია ესქატოლოგიური რელიგიური ჯგუფის მიერ, რომლის წევრებიც საკუთარ თავს უწოდებდნენ შემდეგნაირად – „იახად“ („ერთად“, „თემი“). ამ ჯგუფს სწავლულები „ყუმრანელებს“ უწოდებენ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ისინი ესეები იყვნენ, სექტა, რომელიც ცნობილი იყო ანტიკური წყაროებიდან (პლინიუსი, იოსებ ფლავიუსი, ფილონ ალექსანდრიელი). სხვა მკვლევარები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ყუმრანელები არ იყვნენ ესეები, ან, ყოველ შემთხვევაში, ყველა მათგანი არ იყო ესეების სექტის წარმომადგენელი.

მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობისა, ყუმრანის თემის კვლევა-ძიებით დაკავებული ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ამ სექტის შესწავლა ნათელს ნათელს ჰფენს ქრ. შობამდე II საუკუნესა და ქრ. შობიდან II საუკუნეს შორის არსებულ პერიოდში მცხორევბ იუდეველთა ესქატოლოგიურ და მესიანურ მოლოდინს, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება ქრისტიანობის საწყისების უკეთ გაგებაში.

წყარო: http://lechaim.ru

ჩატვირთვა...