დონალდ ტრამპი: „ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილია”

ახლად არჩეული რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი არ არის და აცხადებს, რომ ეს საკითხი უკვე „გადაწყვეტილია“ უზენაესი სასამართლოს მიერ.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპის პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაცემული პასუხები მკვეთრად განსხვავდება მისი პარტიის ტრადიციული შეხედულებებისგან, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის მყარი პოზიციისა და თავად ტრამპის კომენტარებისგან, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის წინასწარი არჩევნებისას ვისმენდით.

„ეს კანონია, რომელიც უზენაეს სასამართლოში გადაწყდა. იმას ვგულისხმობ, რომ საქმე დასრულებულია“, – განაცხადა მან CBS-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კვირას, 13 ნოემბერს გავიდა ეთერში.

ამავე ინტერვიუში ტრამპს დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ დანიშნავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მას, ვისაც სურს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა აბორტების კანონიერებასთან (‘როი უეიდის წინააღმდეგ’) დაკავშირებით. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მისი მოსამართლეები იქნებიან „აბორტის მოწინააღმდეგენი“.

ტრამპის განცხადება ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ეწინააღმდეგება ვიცე-პრეზიდენტის, ინდიანას გუბერნატორის მაიკ პენსის ხანგრძლივ და მყარ პოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა რელიგიის თავისუფლების კანონპროექტს 2015 წელს, მაგრამ შემდეგ, გარკვეულწილად შეცვალა იგი უარყოფითი გამოხმაურების გამო.

რესპუბლიკელთა წინასწარი საპრეზიდენტო არჩევნებისას ტრამპმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება შეიძლება შტატების მიერ იყო გადაწყვეტილი და თქვა, რომ იფიქრებდა ისეთ მოსამართლეთა დანიშვნაზე, რომლებიც გააუქმებდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქორწინებასთან დაკავშირებით.

„მე ამაზე სერიოზულად დავფიქრდები“, – განაცხადა ტრამპმა ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში, 2016 წლის იანვარში.

წყარო: http://abcnews.go.com/

ჩატვირთვა...