დანმორის სკოლის მწვრთნელს თამაშის დაწყების წინ ლოცვა აუკრძალეს

დანმორის ზოგადსაგანმანათლებლო საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს (აშშ, პენსილვანიის შტატი) სკოლის ხელმძღვანელობამ, ათეისტების მოთხოვნით, აუკრძალა გუნდთან ერთად ლოცვა თამაშის დაწყების წინ. პასუხად სკოლის მოსწავლეები სათამაშო მოედანზე გამოვიდნენ, მუხლებზე დადგნენ და მწვრთნელის გარეშე ილოცეს.

თამაშის დაწყებამდე ლოცვა დანმორის სკოლაში უკვე ათწლეულებია გრძელდება.

2016 წლის ივნისში რელიგიისგან თავისუფლების ფონდმა სკოლის ხელმძღვანელობას გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მწვრთნელის, როგორც ოფიციალური პირის ლოცვა, ეწინააღმდეგება აშშ-ს კონსტიტუციას და სკოლამ უნდა აუკრძალოს მწვრთნელს სათამაშო მოედანზე ლოცვა. სკოლის ხელმძღვანელობამ ათეისტების მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა და სასწავლო წლის დასაწყისში მწვრთნელს აეკრძალა მოთამაშეებთან ერთად მინდორზე ლოცვა.

მწვრთნელმა ჯეკ ჰენზესმა საკუთარი პოზიციის დაცვა სცადა. მან განაცხადა, რომ ყოველთვის ლოცულობდა მოწაფეებთან ერთად იმაზე, რომ არავის მიეღო ტრავმა, ამასთან, ის არავის აიძულებდა ლოცვაში მონაწილეობის მიღებას ან ეკლესიაში სიარულს. სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

მაშინ სკოლის გუნდმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო. მოსწავლეები სათამაშო მოედანზე დამოუკიდებლად გამოვიდნენ, მუხლი მოიყარეს და ილოცეს.

„ჩვენ ძალიან კარგი, შეკრული გუნდი გვყავს და აუცილებლად განვაგრძობთ ამ ტრადიციას“, – განაცხადა კოლინ ჰოლმსმა, გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშემ.

მოთამაშეთა მშობლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთი შვილების გადაწყვეტილებას. ისინი მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია (რელიიგისგან თავისუფლების ფონდი) არღვევს კარგად დამკვიდრებულ ტრადიციებს.

რებეკა კასტელანომ, გუნდის ერთ-ერთი მოთამაშის დედამ, ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოება გარკვეულ სასიკეთო ტრადიციებს ეყრდნობა და მატჩის დაწყების წინ ლოცვა ტრადიციულ ფასეულობათა დაცვის კარგი საშუალებაა.

წყარო: http://www.invictory.com/

ჩატვირთვა...