გენდერულ-ნეიტრალური საპირფარეშოების დანერგვას ლონდონის სკოლებში მშობლების პროტესტი მოჰყვა

ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ბაქსტონის სკოლის ახალ შენობაში, ბავშვებისთვის, რომელთა ასაკიც რვა წელს აღემატება, საერთო, გენდერულ-ნეიტრალური საპირფარეშოებია გათვალისწინებული, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. პეტიციას მსგავსი ტიპის საპირფარეშოების აკრძალვის შესახებ შვიდასმა მშობელმა უკვე მოაწერა ხელი.

მშობლები ამბობენ, რომ აღნიშნული იდეა ბევრ რისკს შეიცავს და გარდა ჰიგიენასთან დაკავშირებული დარღვევებისა, შესაძლოა ის სექსუალური ძალადობის და შევიწროების მიზეზი უფრო გახდეს.

„არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ერთი და იმავე საპირფარეშოს გამოყენებისას გოგონები და ბიჭები უფრო მეტად ისწავლიან საპირისპირო სქესისადმი პატივისცემას. გარდა ამისა, სკოლაში დარჩა გოგონებისა და ბიჭების ცალ-ცალკე საპირფარეშოები და არცერთი მოსწავლე არ იქნება იძულებული ისარგებლოს ნეიტრალური ტუალეტით“, განაცხადა სკოლის დირექტორმა, კეტ უილერმა.

მშობლების უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ სკოლის ადმინისტრაციას მათთვის აზრი არ უკითხავს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე.

„ეს უბრალოდ საშინელი იდეაა, რომელიც ბევრ უარყოფით რისკს გულისხმობს“, ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მამა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ და გენდერულ-ნეიტრალური საპირფარეშოები აღმოსავლეთ ლონდონში და დასავლეთ ესექსში უკვე მოქმედებს.

წყარო: http://www.huffingtonpost.co.uk/

ჩატვირთვა...