ცნობილ ქრისტიან მახარებელს ბილი გრემს 98 წელი შეუსრულდა

7 ნოემბერს მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ მახარებელს, ბილი გრემს, რომელსაც ხშირად „ამერიკის ხუცესს“ და „პრეზიდენტების ხუცესს“ უწოდებენ, 98 წელი შეუსრულდა.

მისმა შვილმა, ფრანკლინ გრემმა, რომელიც ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ ამჟამინდელი პრეზიდენტია, ამის შესახებ გამოაქვეყნა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.

„დაბადების დღეს ვულოცავ მამაჩემს. მას დღეს 98 წელი შეუსრულდა. სამი წლის წინ მან გვითხრა, რომ შეუძლია ას წელს მიაღწიოს. იმედი მაქვს, ის ამას გააკეთებს“, – აღნიშნა ფრანკლინ გრემმა.

„ღმერთი არ ამთავრებს თქვენთან საქმეს, როცა პენსიაზე გადიხართ. უფლის მსახურებიდან ვერასოდეს გადადგებით“, – გაიხსენა მამის ნათქვამი ფრანკლინმა.

მანამდე ერთი დღით ადრე ფრანკლინ გრემმა აღნიშნა, რომ მამამისი „ერთგულად ქადაგებდა იესო ქრისტეს სახარებას 70 წელზე მეტხანს“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არსებობს ერთი უწყება, რომლის თქმაც ბილი გრემს სურს ხალხისთვის. ეს უწყება კი ისაა, რომ ღმერთს ისინი უყვარს და უნდა, რომ ყველა გადარჩეს.

ბილი გრემი დაიბადა 1918 წლის 7 ნოემბერს ფერმაში, ქალაქ შარლოტთან ახლოს (ჩრდილოეთ კაროლინას შტატი).

15 წლის ასაკში მან ქრისტე ირწმუნა მოგზაური მახარებლის, მორდექაი ჰემის, მსახურების მეშვეობით. სათანადო განათლების მიღების შემდეგ, გრემი ბაპტისტური ეკლესიის მსახური გახდა.

1947 წლიდან მან დაიწყო გასვლით სამახარებლო მსახურებათა რეგულარულად ჩატარება, რომლებიც ცნობილია, როგორც ბილი გრემის ‘ლაშქრობანი’ (Billy Graham Crusades).

1949 წელს ახალგაზრდა მქადაგებელმა გადაწყვიტა რამდენიმე მახარებლური შეკრება ჩაეტარებინა ლოს-ანჯელესში. მსახურებები რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდა ნაცვლად სამი კვირისა, როგორც გრემი თავდაპირველად გეგმავდა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. ამ შეკრებათა წყალობით ის მსოფლიოში ცნობილი მქადაგებელი გახდა.

ბილი გრემმა სახარება 185 ქვეყანაში იქადაგა. მის მსახურებებს დაესწრო, დაახლოებით,  215 მილიონი ადამიანი და კიდევ ასეულობით მილიონმა ადამიანმა მოუსმინა მისი ქადაგებები რადიოთი თუ ტელევიზიით.

ის იყო აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტის სულიერი მრჩეველი.

„ჩემი ერთადერთი მიზანია ადამიანთა დახმარება, რათა მათ ღმერთთან პირადი ურთიერთობა დაამყარონ და ეს კი, ჩემი ღრმა რწმენით, ქრისტეს შემეცნების მეშვეობით ხდება“, – განაცხადა ერთხელ ცნობილმა მქადაგებელმა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბილი გრემი, ხანდაზმულობის გამო, აღარ ქადაგებს კათედრასთან, მაგრამ რეგულარულად პასუხობს კითხვებსმ რომლებსაც ადამიანები უგზავნიან.

თავისი მსახურების გამო ბილი გრემს მიღებული აქვს მრავალი სხვადასხვა საპატიო წოდება. მისი სახელობისაა ბევრი ქუჩა, სკოლა, ბიბლიოთეკა. მისი სახელი შეტანილია გოსპელის დიდების დარბაზში (Gospel Music Hall of Fame).

ჩატვირთვა...