აშშ-ში პირველი ქრისტიანული ავიაკომპანია დაარსდა

0 168

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა პირველი ქრისტიანული ავიაკომპანია, რომელიც მისიონერებს მგზავრობას გაუადვილებს. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ (FAA) დააკმაყოფილა ტეხასის მისიის განცხადება ლიცენზიის მიღების თაობაზე. აღნიშნული მისია უზრუნველყოფს მისიონერების და სამახარებლო ჯგუფების ავიამიმოსვლებს.

კომპანია Judah 1 მსოფლიოში პირველი ქრისტიანული ავიაკომპანია იქნება. მისმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ევერენ აარონმა განაცხადა, რომ ლიცენზიის მიღებას ზაფხულისთვის ელოდებიან. მისი თქმით, ავიაბილეთების ფასი სხვა კომპანიების ფასის მსგავსი იქნება, მაგრამ ამავდროულად მგზავრებს დამატებითი ნივთებისთვის თანხას არ მოსთხოვენ.

„ჩვენ ქრისტიანული ავიაკომპანია ვართ და ჩვენი მომსახურებით რომ ისარგებლოთ, თქვენ მისიონერული ჯგუფის წევრი უნდა იყოთ. დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენ არ გვექნება დამატებითი გადასახადები ნივთების გადაზიდვისთვის.“ – განაცხადა ევერენ აარონმა.

მან ყურდღება გაამახვილა იმაზე, რომ ძალიან ხშირად, როდესაც ცნობილი ავიაკომპანიებით სარგებლობენ მისიონერები, მათი ნივთები ან იკარგება, ან იქურდება. ეს შეიძლება იყოს პირადი ნივთები და ბიბლიებიც კი.

„არის რამდენიმე ავიამისია, რომლებსაც საშუალო ზომის თვითმფრინავები ჰყავთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, Judah 1 ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელსაც კომერციული ზომის თვითმფრინავები ჰყავს და შეუძლია მთლიანი ჯგუფების გადაფრენები უზრუნველყოს.” – განაცხადა აარონმა.

კომპანიის დამაარსებელმა აღნიშნა, რომ ისინი ახლა MD 80 კლასის თვითმფრინავებს იყენებენ, რომელთაც, დამატებით, ერთ ტონამდე მასის გადაზიდვა შეუძლიათ. მომავალ ხუთ წელიწადში კომპანია 20-მდე MD 80-ის შეძენას გეგმავს.

„როგორც კი ლიცენზიას მივიღებთ, ჩვენ კიდევ ოთხ MD 80-ს და ორ Boeing 767-ს გავუშვებთ ექსპლუატაციაში,“ – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის დაარსების იდეა აარონს 1994 წელს დაებადა და მას შემდეგ ის იღვწოდა ამ იდეის ხორცშესხმისთვის, რაც წარმატებით განახორციელა კიდეც.

წყარო

თარგმანი:აჩუკი დოდაშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...