აფეთქება მანჩესტერში – ევროპა კვლავ ტერორისტების სამიზნედ რჩება

მანჩესტერში მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა, მათ შორის თექვსმეტი 12 წლმდე ასაკის ბავშვია. აფეთქება 22 მაისს, გვიან საღამოს სტადიონზე მოხდა, სადაც ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა.  აფეთქება უცნობმა მამაკაცმა, კონცერტის დასრულებისთანავე სხეულზე დამონტაჟებული ქამრის საშუალებით განახორციელა.

იმ მომენტისთვის მსმენელები სტადიონს ტოვებდნენ. კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობა მოზარდი იყო. აფეთქება სტადიონის გარეთ, სალაროსთან ახლოს მოხდა. მის ხმაზე ბავშვები პანიკამ მოიცვა.

გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ ინგლისში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

დღეს ასევე ევაკუაცია გამცოხადდა მანჩესტერის სავაჭრო ცენტრ ARNDALE-ში, ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა შენობაში საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს.

ტერაქტის გამო პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიები შეწყვიტეს. დღეს ბრიტანეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მანჩესტერში გამგზავრებას გეგმავს.

მომხდარს გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები და ბრიტანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს. ტერაქტი დაგმეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, გერმანიის კანცლერმა და სხვა ლიდერებმა. მომხდარს ისრაელში ვიზიტისას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და ბრიტანეთს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.

P.S. ყველა ქრისტიანს მოვუწოდებთ, ვილოცოთ მშვიდობისათვის და ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებისათვის…

წყარო

ჩატვირთვა...