ასია ბიბის ოჯახი ისლამისტებისგან მუდმივ თავდასხმას განიცდის

0 193

თავშესაფრის მოთხოვნის რამდენიმე ჩაშლილი მცდელობის მიუხედავად ასია ბიბი კვლავ პაკისტანში რჩება. ბიბი და მისი ოჯახი პაკისტანის დედაქალაქში გადაიყვანეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ის მალე დატოვებდა ქვეყანას, მაგრამ ასია ბიბი კვლავ ელოდება თავშესაფარს. ბოლო ცნობების მიხედვით, მას დიდმა ბრიტანეთმაც უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე.

შეგახსენებთ, რომ მას ცოტა ხნის წინ მოუხსნეს ბრალდება ისლამის წინააღმდეგ მკრეხელობის შესახებ და ამან ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. მოსახლეობა სამართლის აღსრულებას ითხოვს. ისლამისტები კვლავ აგრძელებენ ასიაზე „ნადირობას“, რათა აღასრულონ მართლმსაჯულება.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დადგენილებით ასია ბიბი თავისუფალია და ბრალი არ მიუძღვის, გავლენიანი ისლამური სასულიერო პირები მაინც განაგრძობენ მხარდაჭერას ასიას სიკვდილით დასჯის საქმეში. მისი ოჯახი კვლავ რჩება რადიკალური ისლამისტების რადიკალური ბარიერების წინაშე. „ბოლო დღეებში ისლამისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს სახლს, მუდმივად დევნისა და საფრთხის ქვეშ ვართ.“ – ამბობენ ასიას ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ასია ბიბის − პაკისტანელ ქრისტიან ქალს, 5 შვილის დედას, სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს გამოუტანეს წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელის შეურაცხყოფის ბრალდებით. 2009 წლის ივნისში ის კენკრას კრეფდა სხვა ქალებთან ერთად პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორში. მან იმავე თასიდან დალია წყალი, საიდანაც მუსლიმანი ქალები სვამდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მუსლიმანი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ ამ სიტყვების გამო ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

p.s. გთხოვთ ილოცოთ ასია ბიბისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, ქრისტიანი და-ძმებისთვის პაკისტანში და მშვიდობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ჩატვირთვა...