არქეოლოგებმა ქრისტეს სამარხის წარმომავლობა დაადგინეს

არქეოლოგებმა ქრისტეს სამარხის წარმომავლობა დაადგინეს. საინფორმაციო პორტალ mirror-ის ინფორმაციით, არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ სამარხი, რომელსაც 2016 წლის 27 ოქტომბერს, 500 წლის განმავლობაში პირველად ახადეს მარმარილოს ფილა, სწორედ ის არის, რომელიც კონსტანტინე I-მა აღმოაჩინა IV საუკუნეში.

მკვლევარებმა მეორე, ნაცრისფერი მარმარილოს ფილასაც მიაგნეს, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა. მასზე არსებული ჯვარი, მკვლევართა აზრით, მე-12 საუკუნის ჯვაროსნების მიერ არის ამოკვეთილი.

National Geographic-ის არქეოლოგი, ფრედრიკ ჰიბერტი, ამბობს: „გავოცდი, როდესაც მტვრის პირველი ფენის ქვეშ მარმარილოს მეორე ფილა გამოჩნდა. საუკუნეების განმავლობაში აკლდამა ბევრჯერ დაუნგრევია ცეცხლს, მიწისძვრას და ლაშქრობებს. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცოდით, აშენდა თუ არა იგი ზუსტად იმავე ადგილას. ჯვაროსნების მიერ ამოკვეთილი ქვის ფილა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადგილი ნამდვილად ქრისტიანებისთვის სათაყვანო იყო და როდესაც მივხვდით, რა აღმოვაჩინეთ, მუხლები ამიკანკალდა…“

საფლავის გახსნას ესწრებოდნენ ბერძნული და სომხური მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქები და ასევე ფრანცისკანელი ბერები. მომლოცველთა სიმრავლის გამო, მკვლევართა ჯგუფს საფლავის შესასწავლად მხოლოდ სამი დღე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფის მიერ მოგროვილ მონაცემების ანალიზისთვის თვეებია საჭირო, რათა მკვლევარებმა საფლავის ვირტუალური რეკონსტრუქციის შექმნა შეძლონ.

„ძვლების ან არტეფაქტების გარეშე, მეცნიერებს დანამდვილებით არ შეეძლებათ იმის თქმა, რომ ეს მაცხოვრის საფლავია, ეს რწმენის საკითხია თითოეული ჩვენგანისთვის, ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება“, განაცხადა ფრედერიკ ჰიბერტმა.

როგორც ცნობილია, იმ გამოქვაბულის ძებნა, სადაც ქრისტე დაასვენეს, IV საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით დაიწყო. 326 წელს, იმპერატორის დედა იერუსალიმში ჩავიდა ქრისტიანული რელიკვიების აღმოსაჩენად. სწორედ მას უკავშირდება ქრისტეს სამარხის აღმოჩენა. არქეოლოგები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, თუ რატომ მიიჩნია იმპერატორის დედამ, რომ სწორედ აღნიშნული სამარხია ქრისტეს საფლავი.

წყარო: http://www.mirror.co.uk/

ჩატვირთვა...