ანჯელინა ჯოლი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

joli„მოვიდა დრო, ბოლო მოეღოს სირიელი ხალხის ტანჯვას!“ − ასეთი განცხადებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე  ამერიკელი კინოვარსკვლავი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანი, ანჯელინა ჯოლი-პიტი, გამოვიდა.

2012 წლამდე, სანამ ქალბატონი ჯოლი გაეროს საგანგებო დესპანი გახდებოდა, 10 წლის განმავლობაში გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო და ეწეოდა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას, იცავდა ქალთა და ბავშვთა უფლებებს და მრავალჯერ სტუმრობდა დევნილებს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში. მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში მსახიობმა თერთმეტჯერ იმოგზაურა და მოინახულა სირიელი ლტოლვილების ბანაკები ერაყში, იორდანიაში, ლიბიაში, თურქეთსა და მალტაში. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ კონფლიქტის დასაწყისში ამ ხალხს ჰქონდა იმედი, მოგვიანებით კი იმედი მრისხანებამ შეცვალა, ახლა კი მხოლოდ სასოწარკვეთა დარჩა.

„ჩვენ ყველამ ვიცით იმ მტანჯველი დეტალების შესახებ, რაც ალეპოში, ჰომსში ხდება. პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაში არ არის, პრობლემა პოლტიკური გადაწყვეტილების მიღების სურვილის არარსებობაა.  ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ სირიას უმოქმედოდ“, – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

ანჯელინა ჯოლიმ, თავის გაბედულ და გულახდილ გამოსვლაში, პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა და პირდაპირ განაცხადა საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის შესახებ.

„4 მილიონი სირიელი ლტოლვილი გახდა მსხვერპლი კონფლიქტისა, რომელთანაც მათ არანაირი არ აქვთ კავშირი. მიუხედავად ამისა, მათ წინააღმდეგ არსებობს სტერეოტიპები, არსად არ სურთ მათი დანახვა, მათ მძიმე ტვირთად თვლიან. დღეს ამ ხალხს მე წარმოვადგენ აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის ამოცანაა კონფლიქტების თავიდან არიდება და მათი შეწყვეტა. მის ამოცანებში შედის გაერთიანება, დიპლომატიურ გადაწყვეტილებათა მიღება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ ვერ შევასრულეთ ეს ამოცანები სირიაში“.

ანჯელინა ჯოლიმ მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, მოინახულონ სირიელი ლტოლვილების ბანაკები, რათა თავად დარწმუნდნენ იმაში, რა ტანჯვას განიცდიან ისინი. გარდა ამისა, ქალბატონი ჯოლის აზრით, მომავალ მოლაპარაკებებზე აუცილებელად უნდა იყოს წარმოდგენილი სირიელი ქალების ხმა.

http://webtv.un.org/watch/angelina-jolie-on-middle-east-syria-security-council-7433rd-meeting/4194030820001

ჩატვირთვა...