ალეპოს ალყა გრძელდება. მოსახლეობა ლოცულობს მშვიდობისათვის

ალეპოში მყოფი ქრისტიანები განაგრძობენ ლოცვას მშვიდობისთვის, რადგან ქალაქი კვლავაც იბომბება.

მამა იბრაჰიმ ალსაბაგი, ალეპოს ლათინური მრევლის მღვდელი, საინფორმაციო პორტალთან  (Asia News) საუბრისას ამბობს, რომ  „გაურკვევლობა და ტანჯვა დიდია“.

„ყველანი მოველით, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში. ოჯახები დაიტანჯნენ. მათ მხოლოდ მშვიდობა სურთ. ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ გაძლიერებულად ვილოცოთ მშვიდობისთვის“.

ეკლესია იწყებს სხვადასხვა „ინიციატივას მშვიდობისთვის“ და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს მოუწოდებს ილოცონ ალეპოსა და იქ მცხოვრებთათვის.

„ოთხი დეკემბრიდან, ყოველი თვის პირველ კვირას, ჩავატარებთ მსვლელობებს გალობითა და ლოცვებით მშვიდობისთვის“, – თქვა მამა იბრაჰიმმა

ბევრი ოჯახის ერთადერთი საზრუნავი მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრია. ისინი ეკლესიის მიერ მიწოდებული საკვების მცირე ულუფებით ირჩენენ თავს.

მისი თქმით, მეამბოხეების მიერ დაკავებულ ქალაქის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე აღარ დარჩა მოქმედი საავადმყოფოები, ხოლო საკვების მარაგი თითქმის ამოიწურა.

სავარაუდოდ, კიდევ ათასობით ადამიანი დატოვებს ალეპოს მომდევნო დღეებში.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...