აბორტის მომხრე აქტივისტები ტეხასის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ

აბორტის მომხრე აქტივისტები ტეხასის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისიის ოფისთან შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ წესი, რომელიც აბორტირებული ჩანასახის ნაწილების კრემაციას ან დაკრძალვას გულისხმობს.

მიტინგი აბორტისა და რეპროდუქტიულ უფლებათა ნაციონალური მოქმედი ლიგის (NARAL Pro-Choice Texas) მიერ იყო ორგანიზებული. ჯგუფმა, რომელიც იცავს რეპროდუქტიულ უფლებებს, მათ შორის, აბორტსაც, დეპარტამენტს პეტიცია გადასცა ახალი კანონის დასაბლოკად. პეტიციას ხელს აწერს 5000-ზე მეტი ადამიანი.

ივლისში ჯანმრთელობის კომისიამ აბორტებთან დაკავშირებით შემოიღო რეგულაცია, რაც აბორტირებული ბავშვების დაკრძალვისა თუ კრემაციის შესაძლებლებლობას იძლევა. კანონი ეხება ყველა აბორტირებულ ჩანასახს განვითარების ეტაპის მიუხედავად.

ჯანმრთელობის კომისიის წარმომადგენელმა ბრაიან ბლეკმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები აბორტის მსხვერპლთათვის „ადამიანური ღირსების“ შენარჩუნებას ნიშნავს.

გუბერნატორი გრეგ აბოტი მიიჩნევს, რომ ადამიანისა და ადამიანის ჩანასახის ნაწილები სამედიცინო ნაგვად არ უნდა მივიჩნიოთ. „აღნიშნული ცვლილება კანონში ხაზს უსვამს თითოეული სიცოცხლის ფასს და ღირსებას“, – განაცხადა კიარა მეტიუსმა, გუბერნატორის ოფისის წარმომადგენელმა.

პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი აბორტის პროცედურის ფასის მომატებაა, რაც ბევრ ადამიანს შეუქმნის დაბრკოლებას აბორტის გაკეთებაში.

მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის კომისიის წარმომადგენელმა კერი უილიამსმა თქვა, რომ ფასი შესამჩნევად არ გაიზრდება.

„კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ ახალი კანონი არ გაზრდის საერთო ფასს ჯანდაცვის დაწესებულებებში“, – განუცხადა უილიამსმა ახალი ამბების საინფორმაციო პორტალს Dallas News.

წყარო: www.breakingchristiannews.com

ჩატვირთვა...